ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა. „ხელოვანი იუსტიციელები“ – ასე ჰქვია ექსპოზიციას, რომელზეც ხელნაკეთი ნივთები, თექასა და ტილოზე შესრულებული ნახატებია წარმოდგენილი. ღონისძიებიდან შემოსული თანხის ნაწილი არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებს მოხმარდება. მათ საჭირო ნივთები და პროდუქტები გადაეცემათ.
მსგავსი საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გასულ წელსაც გაიმართა და უკვე ტრადიციად იქცა. ღონისძიებაში სამინისტროს სისტემაში მომუშავე 50-ზე მეტი პირი მონაწილეობს. გამოფენა იუსტიციის მინისტრმა მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა. ექსპოზიცია 12 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.