გამოძიება ტერორიზმის საქმეზე - გამოხმაურებები

ოდესიდან შემოტანილი ტვირთი – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაშიფრული დანაშაულებრივი სქემა და რეზონანსული საქმე უკვე მეორე დღეა შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. საუბარია მანქანის ნაწილებში დამალულ ასაფეთქებელ მოწყობილობებსა და ნივთიერებებზე, რომლებიც სუს-ის განცხადებით, უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის გავლით შემოიტანეს და რომლის გატანაც რუსეთის ქალაქ ვორონეჟში იგეგმებოდა. ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად უკრაინის მოქალაქე და პარტია „ხალხის მსახურის“ წევრი, ანდრეი შარაშიძე სახელდება. საქმის მასალების მიხედვით, ასაფეთქებელი მოწყობილობების და ნივთიერებების გამოყენება საკმაოდ დიდ მსხვერპლს და მასშტაბურ ზარალს გამოიწვევდა. ახლა გამოძიება თავდასხმის ობიექტების დადგენას ცდილობს. საქმეში სამი ქვეყნის, ჯამში 12 მოქალაქე ფიგურირებს.

სუს-ის ბრიფინგთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს საქართველოში უკრაინის საელჩო. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უკრაინის საელჩო ამოწმებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგზე გავრცელებულ ინფორმაციას, არკვევს ყველა გარემოებას. „საელჩო იმედოვნებს, რომ ქართული მხარე ამ საქმის პოლიტიზებისგან თავს შეიკავებს. გამოვხატავთ დაინტერესებას და მზადყოფნას კონსტრუქციული ურთიერთობისთვის სამართალდამცავ და საქართველოს სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან საქმის ყველა გარემოების ობიექტურად, მიუკერძოებლად და სრულყოფილად გარკვევისა და მისი რეალური ორგანიზატორების დადგენის მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.