პირი, რომელსაც 12-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა, ორწლიანი სასამართლო განხილვის შემდეგ სრულიად უდანაშაულოდ ცნეს.
აფთიაქის დაყაჩაღებაში ბრალდებულ ნიკა ჯამაგიძეს გირაოს თანხასაც უკან დაუბრუნებენ. საქმე, რომელზეც პირველი არხის გადაცემას „ახალ კვირა“ რამდენიმე რეპორტაჟი აქვს მომზადებული, თავიდანვე რეზონანსული იყო, რადგან ადვოკატი მას გაყალბებულად აცხადებდა.
დაცვის მხარის მტკიცებულებებს შორის არსებობდა ექსპერტიზის დასკვნაც, რომელიც ადასტურებდა, რომ სათვალთვალო კამერების მიერ დაფიქსირებული დამნაშავის გარეგნობა ბრალდებულის ჰაბიტუსს საერთოდ არ ემთხვეოდა. დაკავების შემდეგ ჯამაგიძე სამართალდამცავებს ფიზიკურ ძალადობაშიც ადანაშაულებდა, რის გამოც ბრალდებულის მიერ მითითებული პოლიციელების მიმართ ცალკე გამოძიებაა დაწყებული.