ამერიკის პოზიტიური შეფასება საქართველოს მთავრობის მიერ პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე და სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები – ეს ნაწილია იმ საკითხების, რაზეც გიორგი გახარიამ და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა სატელეფონო საუბრისას განიხილეს. კომუნიკაცია ვაშინგტონში დაგეგმილი საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სესიის გადადებასთან დაკავშირებით შედგა, რისი მიზეზიც პანდემია გახდა. მაიკ პომპეომ ვირუსთან ბრძოლის კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები დადებითად შეაფასა. ისაუბრეს ოკუპირებული ტერიტორიებისა და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე. განხილვის თემა იყო, მომავალი საპარლამენტო არჩევნები და მისი გამჭვირვალე, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების აუცილებლობა. ამერიკის სახელმწფო მდივანთან საუბარს საქართველოს პრემიერი „ტვიტერში“ გამოეხმაურა. გიორგი გახარია წერს, რომ საუბრისას მან ხაზი გაუსვა დამოუკიდებელი მართლმსაჯულების ვალდებულებას და შემოდგომაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. „სასიამოვნო იყო სახელმწიფო მდივან პომპეოსთან ამერიკასა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე და ახალ სფეროებში თანამშრომლობაზე საუბარი.– წერს გიორგი გახარია „ტვიტერზე“.