ჩაშლილი პოლიტიკური ალიანსი.
გახარია-ხაზარაძის უშედეგო მოლაპარაკებებმა ოპოზიციის დიდ ნაწილს იმედები გაუცრუა. ორივე მხარე დღეს იმ გარემოებებს ასახელებს, რამაც პროცესი ჩიხში შეიყვანა. განცხადებები ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია. გახარიას საარჩევნო სიაში არყოფნა, პარიტეტის დაცვა, ნეიტრალური პლატფორმის შექმნა, „ქართულ ოცნებასთან“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ თანამშრომლობა – ფაქტია, რომ ორი დღის განმავლობაში მიმდინარე კონსულტაციებზე „ლელოს“ და „საქართველოსთვის“ ლიდერები კონკრეტული პირობებით იყვნენ მისულები. წარსულში ერთმანეთის მიმართ მწვავე დაპირისპირების და მძიმე განცხადებების დავიწყების გარდა მათ, როგორც ირკვევა, კიდევ სხვა პირობებიც უნდა დაეცვათ. მაგიდაზე იდო ცხრაპუნქტიანი შეთანხმება, რომელსაც საბოლოოდ ხელი არ მოეწერა. დიდი ალბათობით, შემაფერხებელი ფაქტორი აღმოჩნდა მამუკა ხაზარაძის ცალკეული ახალი კოალიციური პარტნიორების პოზიციაც. გახარიას მხრიდან გაიჟღერა სიტყვა სიხარბემაც. უშედეგო მოლაპარაკების მიუხედავად, ორივე ლიდერი მადლობას უხდის პრეზიდენტს, რომელმაც პროცესის მედიაცია საკუთარ თავზე აიღო. სწორედ სალომე ზურაბიშვილის მოწოდება იყო ექს-პრემიერის გუნდის და „ლელოს“ გარშემო შექმნილი კოალიციის ერთობა.