გაერთიანების პროცესი ფერხდება. გიორგი გახარია და მამუკა ხაზარაძე ვერც დღეს შეთანხმდნენ.
გადაწყვეტილებას „ლელოს“ ლიდერის პოზიცია აფერხებს. ხაზარაძემ, რომელმაც პრეზიდენტის რეზიდენციაში გუშინდელი შეხვედრის შემდეგ საკუთარ პარტნიორებთან და გუნდთან კონსულტაციებისთვის ერთი დღე ითხოვა, გადაწყვეტილება ვერც დღეს მიიღო. მხარეები უარყოფენ, თუმცა კულუარული ინფორმაციით, უთანხმოება საარჩევნო სიას უკავშირდება. თავად ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია პოლიტიკური ერთობის მიღწევაზე და „ლელოს“ გარშემო შექმნილ ალიანსთან გაერთიანებაზე თანახმაა და ახლა ხაზარაძის პასუხს ელოდება. თუ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, ოპოზიციურ ფლანგზე მესამე ცენტრი გაჩნდება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების უშედეგო პირისპირ აუდიენციის შემდეგ მოლაპარაკებები ამ წუთებში ისევ პრეზიდენტის რეზიდენციაში მიმდინარეობს. სალომე ზურაბიშვილს პროცესში მედიატორის როლი აქვს. ოპოზიციის გამსხვილების და ამომრჩევლისთვის არჩევანის გამარტივების არგუმენტით სწორედ პრეზიდენტის მოწოდებაა წარსულში ერთმანეთთან დაპირისპირებული პოლიტიკური აქტორების წინასაარჩევნოდ გაერთიანება.