გაერთიანებული ოპოზიცია თავდაცვის სამინისტროს გუშინდელ განცხადებას ეხმაურება. გიორგი ბარამიძისა და დიმიტრი შაშკინისთვის მიუღებელია, რომ თავდაცვის უწყების მისამართით გამოთქმული ბრალდებების საპასუხოდ არჩილ ომიაძემ ისაუბრა, რადგან მიიჩნევენ, რომ გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პოლიტიკურ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს.
გაერთიანებული ოპოზიცია თავდაცვის სამინისტროს საარჩევნო პროცესში ხელოვნური ბარიერების შექმნაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ცესკო-მ სიები უკვე დააკომპლექტა და ჯარისკაცები დისლოკაციის ადგილთან ახლომდებარე უბნებთან ხმის მიცემას ვერ შეძლებენ, შესაბამისად, მათ რეგისტრაციის ადგილზე მოუწევთ წასვლა, რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული და ლოჯისტიკურად შეუძლებელია.
ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ქართული არმია სალომე ზურაბიშვილს ხმას არ მისცემს და ხელისუფლებამ მსგავსი ბარიერები შეგნებულად შექმნა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის ბრალდებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა თავდაცვის სამინისტრო. გავრცელებულ განცხადებაში უწყება წუხილს გამოთქვამს, რომ ცალკეული პოლიტიკური ძალები ცდილობენ, გაავრცელონ ყალბი ინფორმაცია, თითქოს სამხედრო პირებს 28 ოქტომბერს არ ექნებათ არჩევანის გაკეთების უფლება.
თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში განმარტებულია, რომ სპეცუბნების გაუქმებას, სამხედრო მოსამსახურეებზე საარჩევნო უფლების გამოხატვის კუთხით, წინა არჩევნებზე არანაირი ნეგატიური ზეგავლენა არ მოუხდენია.