გაერო-ს ყოველწლიური რეზოლუცია

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია სახელწოდებით – „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო. სხდომაზე რეზოლუცია საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე ლაშა დარსალიამ წარადგინა. დოკუმენტს მხარი საბჭოს 24 წევრმა დაუჭირა. 11 ოქტომბერს მიღებულ რეზოლუციაში პირველად აისახა ჩანაწერი რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის თაობაზე. საუბარია ასევე ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე. რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

დოკუმენტში საბჭო ხაზს უსვამს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შექმნილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას. ხაზგასმულია ასევე გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების როლი.