უკრაინის თაობაზე რიგით მესამე საგანგებო შეხვედრაზე რუსეთმა ვეტო დაადო გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს, რომელიც „ყველაზე მკაცრად“ გმობდა რუსეთის ფედერაციის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და უბიძგებდა ქვეყანას „დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ“ გაეყვანა მისი სამხედრო ძალები უკრაინიდან. საკითხზე უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა, რუსეთმა უარი თქვა რეზოლუციის პროექტის მხარდაჭერაზე. გაერო-ს 15 წევრისგან შემდგარი ორგანოდან 11-მა მხარი დაუჭირა რეზოლუციის პროექტს, ინდოეთმა, ჩინეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს.
სესიის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „არასდროს უნდა დანებდნენ“. „მშვიდობას კიდევ ერთი შანსი უნდა მივცეთ. ჯარისკაცები უნდა დაბრუნდნენ თავიანთ ყაზარმებში. ლიდერები დიალოგისა და მშვიდობის გზას უნდა მიუბრუნდნენ“, – აღნიშნა გუტერეშმა. ასევე, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა გაერო-ში უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი, სერგეი კისლიცა, რომელმაც აღნიშნა, რომ რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს შეტევა უკრაინის წინააღმდეგ. „რეზოლუციის პროექტი იმეორებს გაერო-ს წესდების მეორე მუხლს, ყველა სახელმწიფოს ვალდებულებას, საერთაშორისო ურთიერთობებში თავი შეიკავონ ტერიტორიული მთლიანობის, ნებისმიერი სახელმწიფოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მუქარის ან ძალის გამოყენებისგან. პროექტი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს შეტევა უკრაინის წინააღმდეგ“, – განაცხადა სერგეი კისლიცამ.