გაერო-ში საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა გაიზარდა. რუსეთის აქტიური წინააღმდეგობის მიუხედავად, დოკუმენტი, რომელიც დევნილთა უპირობო დაბრუნებას გულისხმობს, 81 ხმით მიიღეს. 2008 წლიდან რეზოლუციის მომხრეთა რაოდენობის მზარდი ტენდენცია შეიმჩნევა. თუმცა, წელს პროექტს ორით მეტი მოწინააღმდეგეც ჰყავდა. მათ შორისაა ჩრდილოეთ კორეა.
კენჭისყრას არ დასწრებია სირიის წარმომადგენელი, რომელთანაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების გამო, ოფიციალურმა თბილისმა დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.