ნიუ იორკში გაერო-ს 76-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში მსოფლიო ლიდერების გენერალური დებატები გაიხსნა.
დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში გაერო-ს შტაბ-ბინაში დებატებში 70-ზე მეტი ლიდერი, 30 ქვეყნის მთავრობის მეთაური და 20 საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღებს მონაწილეობას. წელს გაერო-ს ასამბლეა ჰიბრიდულ, ნახევრად დისტანციურ რეჟიმში იმართება. დებატები გაერო-ს გენერალურმა მდივანმა გახსნა და მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. დღესვე სტუმრებს სიტყვით მიმართავენ თურქეთის, მექსიკის, სამხრეთ კორეისა და პოლონეთის პრეზიდენტები. გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც. ის 22 სექტემბერს ვირტუალურ ფორმატში გამართავს სამიტსაც, რომლის მთავარი თემა პანდემიასთან ბრძოლა იქნება. გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. საქართველოს მთავრობის მეთაურის გამოსვლა გენერალური ასამბლეის სესიაზე 24 სექტემბერსაა ჩანიშნული. უმაღლესი რანგის სტუმრების მიერ განსახილველ თემებს შორისაა „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან ბრძოლა, კლიმატის ცვლილებები, მწვანე ენერგეტიკაზე გადასვლა და საერთაშორისო პოლიტიკის აქტუალური თემები, მათ შორის ავღანეთში შექმნილი სიტუაცია.