საქართველოს ოკუპირებული რეგიონები დღეს რამდენჯერმე ახსენეს ჟენევაში.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე მოსკოვის მისამართით არაერთი მწვავე განცხადება გაკეთდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარება სხვა დიპლომატების გამოსვლების თემაც იყო. ლიეტუვის პირველმა დიპლომატმა სესიის მონაწილეებს პირდაპირ მოუწოდა, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დამოუკიდებელი სადამკვირვებლო მექანიზმების დაშვება უზრუნველყონ. მოსკოვს ამჯერად შვეიცარიიდან შეახსენეს, რომ ყოველდღიურად გაუარესებული ჰუმანიტარული მდგომარეობის ფონზე, გაერო-ს უმაღლესი კომისრის ოფისს აფხაზეთსა და ცხინვალთან წვდომა ისევ არ აქვს.