გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 45-ე სესია

ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 45-ე სესიის ფარგლებში, უმაღლესი კომისრის ანგარიშის განხილვა გაიმართა, ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციის – „თანამშრომლობა საქართველოსთან“ – შესრულების თაობაზე, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას ეხება. ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ალექსანდრე მაისურაძემ, გაერო-ს წევრ სახელმწიფოებს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული მდგომარეობა გააცნო. სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, ავსტრალიის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვას, მოლდოვას, ნიდერლანდების, პოლონეთის, რუმინეთის, საბერძნეთის, უკრაინის, ფინეთისა და შვედეთის დელეგაციებმა. ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით მიღწეულ პროგრესს და კოვიდ-19 ის პანდემიასთან ბრძოლის კუთხით, საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ ძალისხმევას დადებითი შეფასება მიეცა.