გადაწყვეტილებები გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით 

კულტურის სამინისტრომ გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებულ პრობლემებზე პირველადი გადაწყვეტილებები მიიღო.

უწყების პირველმა პირებმა პროფესიონალ არქიტექტორ-რესტავრატორებთან ორი შეხვედრა გამართეს. მსჯელობის შედეგად სახურავის მოწყობის ტექნოლოგიაზე კვლევის ჩატარება გადაწყდა; ასევე ნიმუშებს აიღებენ უკვე დაგებული წითელი მოჭიქული კრამიტიდან და ჩატარდება ექსპერტიზა; შემუშავდება წყალამრიდების მოწყობის პროექტიც. შეხვედრაში მონაწილეობდნენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებიც. ერთხმად აღინიშნა, რომ ძეგლზე გამოყენებული ე.წ. თეთრი კრამიტი ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნებს და ძირითადი ტაძრის სახურავის დაახლოებით 800 კვ.მ. ფართობის გადახურვა სრულად მოსახსნელია.