„ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლისგან“ განსხვავებით, ჯერ ისევ უცნობია სხვა ოპოზიციური პარტიების საარჩევნო კონფიგურაცია.
ამ დრომდე კონსულტაციების რეჟიმში არიან პარტია „დროა“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „ლელო“ და „ახალი“. წარსულში ყოფილ სახელისუფლებო პარტიის წევრობის მიუხედავად, როგორც ირკვევა, დღეს ამ პარტიების ნაწილისთვის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ღია თანამშრომლობა ერთგვარი წითელი ხაზია. ყოფილ თანაგუნდელებთან ერთად საარჩევნო მარათონში ჩაბმა მიუღებელია „ევროპული საქართველოსთვისაც“ და ერთიან საარჩევნო სუბიექტად ქცევას ხაზარაძესა და მელია-გვარამიას პარტიებთან განიხილავს, თუმცა ბოკერიას გუნდის შეთავაზებას „ლელოსა“ და „ახლის“ ლიდერებმა დუმილით უპასუხეს. ვიდრე ოპოზიცია გადაჯგუფების რეჟიმშია, პოლიტიკურ პროცესებში აქტიური მონაწილეობის სურვილს ღიად აფიქსირებს მესამე სექტორის ნაწილი და პარტიებისგან შეთავაზებებსაც ელოდება. იმის გათვალისწინებით, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში აკრძალულია საარჩევნო ბლოკის შექმნა, ოპოზიციური პარტიების უმეტესობას ერთიანი სიების შექმნა მოუწევს, თუმცა ნებისმიერი კონფიგურაციით, მმართველი გუნდი ოპონენტების მარცხში დარწმუნებულია.