„ნაციონალური მოძრაობა“ ძველ სახეებს იბრუნებს – წლების წინ გუნდს გამიჯნული და „ევროპულ საქართველოში“ გაწევრიანებული რამდენიმე პოლიტიკოსის შემდეგ, ყოფილ მმართველ პარტიას ხატია დეკანოიძეც დაუბრუნდა. ძველ თანაპარტიელს გუნდმა მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებული ეროვნული კომიტეტიც ჩააბარა – დეკანოიძე კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე იქნება.
თავის დროზე, ანუ წელიწადნახევრის წინ, დეპუტატმა პარტიიდან წასვლა კულუარული მმართველობით და მართვის არასწორი სტილით ახსნა. გადაწყვეტილებას, რომელიც დეკანოიძემ თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევიდან მალევე მიიღო, წინ საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვებაც უძღოდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა და წევრებმა ძველი თანაგუნდელის მაშინდელი კრიტიკული გზავნილები, როგორც ჩანს, დაივიწყეს, თუმცა არა ყველამ. ანა წითლიძე ხატია დეკანოიძეს დღეს საჯაროდ დაუპირისპირდა. დეპუტატი დარწმუნებულია, რომ დეკანოიძემ ეს ნაბიჯი საპარლამენტო სიაში მოხვედრის მიზნით გადადგა. დიდი ალბათობით, ოპოზიციურ ფლანგზე წინასაარჩევნო გადაჯგუფების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.