ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დღგ-ს ყალბი აქტივების შექმნასა და გამოყენებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ორი პირი დააკავა.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულია კვიპროსში რეგისტრირებული ნავთობპროდუქტების კომპანია ვაის ლინკ ჰოლდინგის მფლობელი და ამავე კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში, რომლებიც თავის მხრივ, სრულად წარმართავენ საქართველოში რეგისტრირებული ნავთობპროდუქტების კომპანიების – შპს „ფრეგოსა“ და შპს „გლობალ-ბითუმის|“ საქმიანობას.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები დანაშაულებრივ კავშირში შევიდნენ დიდი ოდენობით დღგ-ს ყალბი აქტივის მქონე საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიასთან, რომლებმაც განუბაჟებელი საწვავი ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით ფიქტიურად გადააწერეს ყალბი აქტივის მქონე კომპანიას, რითიც თავი აარიდეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადს. საერთო ჯამში, ჩადენილი დანაშაულის შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული ზიანმა, 2 მილიონ 837 ათას ლარს გადააჭარბა. „ფრეგოს“ საქმეზე განცხადება გაავრცელა ბიზნესომბუდსმენმა. „ფრეგოს ქეისი უკავშირდება ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება–გამოყენებას და აღნიშნულს ბიზნესზეზეწოლის კონტექსტი არ აქვს“- ნათქვამია განცხადებაში.