ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა

გუნდთან შეუთანხმებელი გადაწყვეტილება და პროცედურის დარღვევა – ამ ორი არგუმენტით ხსნის მმართველი გუნდი იურიდიული კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევას.

დეპუტატი, რომელსაც ეკა ბესელიას მსგავსად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რამდენიმე კანდიდატის მიმართ თავიდანვე ნეგატიური პოზიცია ჰქონდა, ერთი კვირის წინ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, გადადგომამდე სწორედ ბესელიამ წარადგინა.

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს დილით გამართულ შეხვედრაზე არ უსაუბრიათ თავად ეკა ბესელიაზე, რომელიც საქართველოში არ იმყოფება, თუმცა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გუნდში არსებული უთანხმოების მიზეზებზე საუბარს აანონსებს. მანამდე კი დეპუტატის ტონი თანაგუნდელების, განსაკუთრებით პარლამენტის თავმჯდომარის მისამართით, მწვავეა.