საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია ქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვს.
ოპოზიციური პარტიის დეპუტატები კახი კალაძეს მიმართავენ და მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დასახელებული ნიკოლოზ ჭონქაძის გაწვევას ითხოვენ.
ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის განცხადებით, დასახელებული კანდიდატურა გამოირჩევა ქსენოფობიური და ჰომოფობიური განცხადებებით, სიძულვილის ენის გამოყენებით და განსხვავებული აზრის მიმართ აგრესიულობით. სწორედ ამიტომ, ოპოზიცია მერს გადაწყვეტილების შეცვლას ურჩევს. კახი კალაძე კი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს.
თბილისის მთავრობა საკრებულოში ხვალ ნდობის მისაღებად უნდა მივიდეს. ვიცე-მერობის და მერის სამი მოადგილეების კანდიდატებს, ისევე როგორც მერიის 13 სამსახურის ხელმძღვანელობისა და 10 გამგებლობის კანდიდატებს, ჯერ კომისიების, შემდეგ კი უკვე საკრებულოს სხდომის ფორმატში მოუსმენენ და დაამტკიცებენ.