ფრანკფურტში მასშტაბური ფესტივალი გაიხსნა, რომელზეც საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით არის წარმოდგენილი. ფესტივალი, ქართული სცენიდან ფრანკფურტის მერმა, პეტერ ფელდმანმა და მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, იოსებ ჩხიკვიშვილმა გახსნეს. პროექტი ფრანკფურტში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება.
ფესტივალი ანსამბლმა “ირიაომ” და სხვა ცნობილმა ქართველმა შემსრულებლებმა გახსნეს. სამი დღის განმავლობაში დაგეგმილ კონცერტებში მონაწილეობას მიიღებენ: ნინო ქათამაძე და ინსაითი, ნიკოლოზ რაჭველი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმები და ბრასი; მიშო ურუშაძე, ასევე, ბავშვთა ანსამბლი „პატარა გეორგიკა“ და ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „ლაპრები“.
მოეწყობა ასევე, ქართული რეწვის ნიმუშების გამოფენა. გაიმართება ქართული კულინარიისა და ღვინის დეგუსტაცია. მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული და ლიტერატურული ღონისძიება იმართება და აღნიშნული ფესტივალი მისი ერთ-ერთი შემადგენელი და მნიშვნელოვანი ნაწილია. ფესტივალზე, ასევე მონაწილეობს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო.