დღეს ფრანკფურტში წიგნის ბაზრობა გაიხსნება, რომლის საპატიო სტუმარი საქართველოა.
ერთი კვირის განმავლობაში წიგნის ბაზრობის 20-მდე სცენაზე, ქართველი ავტორების ასობით ღონისძიებაა დაგეგმილი. საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონს, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი გახსნიან. პავილიონში მოწყობილ 2 სცენაზე 72 ქართველი ავტორი უცხოელ მკითხველს შეხვდება. გამოიფინება ქართული ლიტერატურის 300-მდე უცხოენოვანი თარგმანი.