ანგელა მერკელის ვიზიტიდან ერთი წლისთავზე საქართველოში გერმანიის პრეზიდენტი იმყოფება. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი თბილისს 5-წლიანი პაუზის შემდეგ სტუმრობს.
გავლენიანი გერმანელი პოლიტიკოსი, რომელსაც ორჯერ ეკავა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი, ხვალ საოკუპაციო ხაზთან ჩავა და მავთულხლართებით გაყოფილ სოფლებს პირადად ნახავს.
გერმანიის პირველი პირი, რომელიც აგვისტოს ომამდე ერთი თვით ადრე თბილისში კონფლიქტების მოგვარების სამშვიდობო გეგმით იყო ჩამოსული, ამბობს, რომ საქართველოში ამჯერად რაიმე ინიციატივა ან წინადადება არ ჩამოუტანია. თუმცა ხელისუფლების პირველ პირებთან დღევანდელ შეხვედრებზე მისი განცხადებების დიდი ნაწილი სწორედ ოკუპაციას შეეხო.
კონფლიქტების დიპლომატიურად გადაჭრაში რუსეთიც აქტიურად უნდა იყოს ჩართული,- ასეთია შტაინმაიერის პოზიცია. გერმანიის პრეზიდენტი ნიუ იორკში საქართველო-რუსეთის პირველ დიპლომატებს შორის გამართულ პირისპირ დიალოგსაც მიესალმება.