ფონდი „ქართუ“ განცხადებას ავრცელებს, რომელიც რამდენიმე ტელეკომპანიის მხრიდან ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ წინააღმდეგ შავი პიარის კამპანიას ეხება.
„მცირე პაუზის შემდეგ, პოლიტიკურად ანგაჟირებულმა მედიამ ისევ შეუტია ფონდ „ქართუს“. შეტევა ცალსახად კოორდინირებულია, ვინაიდან, სხვადასხვა სიუჟეტს ფონად გასდევს ერთიანი „ლაიტმოტივი“ – „ივანიშვილი თავისი სამშენებლო აქტივობით ჩადის დანაშაულს“, რითაც მაყურებელთა ცნობიერებაში სპეციალურად ყალიბდება განწყობა, რომ მშენებლობა ბოროტებაა, ხოლო თუ მშენებელი ივანიშვილია, მაშინ ეს უკვე კრიმინალია. ცხადია, რომ ამ უსუსური, მაგრამ კარგად ორკესტრირებული ბრალდებების უკან რეალურად, მხოლოდ პოლიტიკური სარჩულია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მიზანი იყო, დაეჯერებინათ მაყურებლისთვის, რომ „ქველმოქმედებას ამოფარებული ივანიშვილი ცდილობს ქველმოქმედებით ფულის შოვნას“. სიმართლე ზედაპირზეა: ფონდის შვილობილმა კომპანიებმა გაასხვისეს მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რაზეც მომავალმა ინვესტორმა უნდა განახორციელოს სამშენებლო პროექტი. მიწის გაყიდვებით მიღებულ შემოსავალს ფონდი მისი საქველმოქმედო მიზნებისკენ მიმართავს და მიმდინარე პროექტებს დაახარჯავს. უკვე მრავალჯერ საჯაროდ გაცხადდა, რომ გასაგები მიზეზების გამო, ბიძინა ივანიშვილი დღეს ფაქტობრივად არაფორმალური სანქციების ქვეშ იმყოფება, რაც ბუნებრივია, აფერხებს ფონდისადმი მის დონაციებს. მიუხედავად ამისა, ფონდი დღესაც აგრძელებს პროექტებს და ასეულობით მილიონ ლარს ხარჯავს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ – ნათქვამია განცხადებაში, სადაც ასევე მოკლე ისტორიაა წარმოდგენილი, როგორ დაიწყო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა. კარგად გვესმის, რომ ამ ყველაფრის უკან პოლიტიკურად ანგაჟირებული დაინტერესებული პირებისა და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების კონკრეტული დაჯგუფება დგას, რომელიც რჩება რა ჩრდილში, წარმოადგენს ამ ხელოვნურად მართული პროცესის მთავარ დამკვეთსა და დირიჟორს“, – ნათქვამია ფონდ „ქართუს“ განცხადებაში.