ფინეთის პრეზიდენტი ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ განცხადებას ამ წუთებში აკეთებს. „ჩემი გზავნილი მკაფიოა – ფინეთი უზრუნველყოფს საკუთარ უსაფრთხოებას. ეს ზიანს არავის მიაყენებს“, – განაცხადა მან. ქვეყანამ, რომელიც 1300 კილომეტრის სიგრძის საზღვარს იყოფს რუსეთთან, 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ნატო-სთან პარტნიორული ურთიერთობები გააძლიერა. თუმცა, ამ დრომდე თავს იკავებდა გაწევრიანებისგან. ფინეთთან ერთად, უახლოეს მომავალში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ელოდებიან შვედეთისგანაც. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ნატო-ს მოკავშირეები ფინეთისა და შვედეთისთვის წევრობის მინიჭებას სწრაფად გეგმავენ, რითაც ევროპის ჩრდილოეთში კიდევ უფრო გაფართოვდება ალიანსის საზღვრები.