ფიფას პრეზიდენტი თბილისში.
ჯანი ინფანტინო საქართველოს ოფიციალური ვიზიტით, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად ეწვია. ინფანტინოს თბილისში ჩამოსვლის მთავარი მიზეზი, სავარაუდოდ საქართველოს განაცხადია, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ სომხეთთან ერთად, ფეხბურთში 2029 წლის 20 წლამდელთა ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის გააკეთა. როგორც ჯანი ინფანტინო ამბობს, განაცხადი განხილვის ეტაპზეა და პროცესზე დადებით გავლენას გასულ წელს საქართველოში წარმატებით ჩატარებული ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატიც მოახდენს. ფიფას პრეზიდენტი ლევან კობიაშვილთან ერთად, მიმდინარე საფეხბურთო ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც გაეცნო, ასევე შეხვდა საქართველოს პრემიერს და თბილისის მერს.
ინფანტინომ თბილისი დღის ბოლოს დატოვა.