სვანეთი, გურია, ყაზბეგი, თუშეთი,იმერეთი და რაჭა – მთის დღეები 2023 დასრულდა. მთის ცხოვრება, მოსახლეობის ყოველდღიურობა, ტრადიციული კერძების დეგუსტაცია და ადგილობრივი წეს-ჩვეულებები – ფესტივალი, რომელიც 15 ივლისს გაიხსნა, უკვე მეორე წელია პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება. ღონისძიებებს ექვსმა მაღალმთიანმა რეგიონმა უმასპინძლა. მესტიაში ადგილობრივმა ანსამბლებმა სვანური სიმღერები შეასრულეს, მაყურებლის წინაშე წარდგა „ქართული ხმები“, შემდეგ კი სცენა „სუხიშვილების“ ნაციონალურმა ბალეტმა დაიკავა. მთის დღეები კოცონთან ტრადიციული შეკრებით დასრულდა, სადაც სტუმრებმა ადგილობრივი მთხრობლისგან სვანური ამბები და თქმულებები მოისმინეს.
„მთის დღეებს“ უმასპინძლა ბახმარომ. მთელი დღის განმავლობაში სპეციალურად მოწყობილ ტერიტორიაზე მისულ სტუმრებს სხვადასხვა აქტივობაში შეეძლოთ მონაწილეობის მიღება და ტრადიციული კერძების დაგემოვნება. დღის ბოლოს გაიმართა კონცერტი, მაყურებლის წინაშე მუსიკალური ჯგუფები „ბანი“ და „რეგიონი“ წარდგნენ. საღამოს კოცონთან კი ტრიომ „აპრილია“ რამდენიმე სიმღერა შეასრულა.