ყველასთვის საყვარელი და ცნობილი ქართული ფილმის აღდგენილი ვერსია.
11 ივნისს, 22 საათზე მაყურებელი კინო-ცენტრის კინო-კლუბის ფეისბუქ-გვერდზე ციფრულ მატარებლებზე გადატანილ „ფეოლას“ ნახავს. ონლაინ-ჩვენება რეზო გაბრიაძის ხსოვნას ეძღვნება. „ფეოლა“ ერთ-ერთია უამრავ ფილმს შორის, რომელიც ცნობილი დრამატურგის, რეჟისორის და მხატვრის სცენარის მიხედვით გადაიღეს.
რუსეთის „გოსფილმფონდში“ დაცული ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროექტის ფარგლებში, „ფეოლას“ საწყისი მასალები საქართველოს 2017 წელს გადმოეცა. 2019 წელს კი საქართველოს კულტურის სამინისტროს, ეროვნული კინოცენტრისა და ეროვნული არქივის თანამშრომლობით, ფილმი გიორგი კაკაბაძემ აღადგინა.