რატომ ვერ გაიმართება საქართველოსა და ჩეხეთის მატჩი „დინამო არენაზე“ – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიზეზებზე საუბრობს და იმ წერილს ასაჯაროებს, რომელიც სტადიონის ადმინისტრაციისგან ფედერაციამ მიიღო.
წერილში ნათქვამია, რომ ერთ-ერთი იარუსი დეტალურ შემოწმებას საჭიროებს, ფედერაციამ კი გადაწყვეტილება სწორედ ამ პასუხზე დაყრდნობით მიიღო. დოკუმენტი 6 აგვისტოთი თარიღდება, ის სოციალურ სივრცეში არასრული შინაარსით გავრცელდა, სადაც იარუსის შემოწმების საჭიროება ნახსენები არ არის. სწორედ ამიტომ მიიღო ფეხბურთის ფედერაციამ წერილის გასაჯაროების გადაწყვეტილება. „როდესაც ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია სტადიონის ადმინისტრაციასთან, მათგან მივიღეთ როგორც წერილობითი, ასევე სიტყვიერად დასტური, რომ ამ წუთისთვის მათ არ შეუძლიათ სრული ტევადობით მოგვცენ სტადიონი. ეს არის ოფიციალური თამაში, რომელიც ტარდება UEFA-ს ეგიდით, შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ UEFA-ს უნდა ჰქონდეს ყველანაირი დოკუმენტი და ინფორმაცია სტადიონთან დაკავშირებით, რამდენად უსაფრთხო არის ეს ყველაფერი“ – აცხადებენ ფედერაციაში.
როგორც ცნობილია, უკვე გადაწყვეტილია, რომ ერთა ლიგის 2024-25 წლების სეზონის პირველი შეხვედრა საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებებს შორის „დინამო არენის“ ნაცვლად მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. თუმცა, ფედერაციის მდივანი დავით მუჯირი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი „დინამოს“ ადმინისტრაცია პრობლემას აღმოფხვრის, ისინი მზად არიან ოქტომბერში ალბანეთთან მატჩი „დინამო“ სტადიონზე ჩაატარონ.