გამოძიების დაწყებიდან სამი თვის შემდეგ პროკურატურა ფარული სატელეფონო ჩანაწერების ცნობილ საქმეზე პირველად საუბრობს.
აუდიო მასალები, სადაც ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილის და ანზორ ჩუბინიძის საუბრებია ჩაწერილი, 2011-12 წლებით თარიღდება, – ასეთია შოთაძის უწყების შუალედური გამოძიების შედეგი. ფონოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ პროკურატურა ამტკიცებს, რომ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში გასული ჩანაწერები, შინაარსის განზრახ შეცვლის მიზნით, 170 ადგილზე დამონტაჟებულია. ამავე ანგარიშის მიხედვით, გამოყენებულია საუბრის მონაწილეთა მიერ სხვა დროს წარმოთქმული წინადადებები და სხვა ადამიანების ხმებიც, ასევე სპეციალური პროგრამები და დამახინჯებულია სიტყვები. პროკურატურა ტელეკომპანია „პირველისგან“ ისევ ითხოვს აუდიო ჩანაწერების შავი მასალის გადაცემას. პროკურორის დღევანდელ გამოსვლას მედიის დაშინების მცდელობად აფასებს „ტვ პირველი“, რომელმაც ფარული ჩანაწერები ეთერში ექვს მარტს გაუშვა.
გამოძიების შუალედურ ანგარიშს და ექსპერტიზის შედეგებს უნდობლობას უცხადებს ოპოზიციაც.