პრემიერი გახმაურებული ჩანაწერების საქმეს ევროკავშირის მედიაციით დაგეგმილ მოლაპარაკებებს უკავშირებს.
ხუთი დღის შემდეგ მთავრობის მეთაური ფარულ ჩანაწერებზე პირველ განმარტებებს აკეთებს. ირაკლი ღარიბაშვილი „ტვ-პირველის“ ეთერში 6 მარტს გასულ აუდიო-მასალას 10 წლის წინ უკანონოდ მოპოვებულ და დამონტაჟებულ ფაბრიკაციად აცხადებს და მთავარ დაზარალებულად საკუთარ გუნდს და თავს მიიჩნევს. განმარტებები არადამაჯერებელია ოპონენტებისთვის, რომლებიც პრემიერ-მინისტრს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებენ. ჩანაწერების მოპოვება-გავრცელების ფაქტზე ძიება უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს, თუმცა საგამოძიებო უწყებას მასალები ტელეკომპანიიდან ჯერ არ მიუღია. სასამართლო განჩინება, რომელიც პროკურატურას სწორედ ამ ჩანაწერების შემცველი ელექტრონული მოწყობილობის ამოღების ნებას რთავს, მეორე დღეა, პოლიტიკური ვნებათაღელვის თემაა.