ფარცხალაძის მოქალაქეობა - პრეზიდენტის გადაწყვეტილება

ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე შეცვლილი გადაწყვეტილების გამო, საქართველოს პრეზიდენტი კრიტიკის სამიზნე მმართველ გუნდთან ერთად ოპოზიციის ნაწილის მხრიდანაც ხდება.

ოპოზიციის უმეტესობა სალომე ზურაბიშვილის პოზიციას აბსურდულს უწოდებს და სანქციების პირობებში, ერთადერთ გამოსავლად ფარცხალაძისთვის ქართული პასპორტის ჩამორთმევას ასახელებს.

უფრო მწვავეა შეფასებებში მმართველი გუნდი, სადაც სალომე ზურაბიშვილი დღეს პრეზიდენტის ინსტიტუტისა და ქართული სახელწიფოს უპატივცემულობაში დაადანაშაულეს. თავად პრეზიდენტმა კი განმარტება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მას სამთვიანი ვადა აქვს და ამ დროს კი სახელმწიფო ინსტიტუტებს აძლევს, რათა შესაბამისი ზომები მიიღონ და დაიცვან ქვეყნის რეპუტაცია.