აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიების საქმიანობის შესახებ მორიგი დოკუმენტაცია გამოქვეყნდა. 28 თებერვლით დათარიღებულ დოკუმენტში მოყვანილია „ჯიპი ინთერნეიშენალის“ მიერ საქართველოს ექსპრეზიდენტის შესახებ დასავლური მედიისთვის მომზადებული მასალები. ლობისტები მათ მიერ მომზადებულ რელიზში წერენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა საფრთხეშია და აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და თავისუფალი ქვეყნის ლიდერებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ მის გასათავისუფლებლად. „მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო ექსპერტების აზრით, დიდია იმის ალბათობა, რომ სააკაშვილი აწამეს და შესაძლოა, საქართველოს მთავრობამ მოწამლა კიდევაც, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია კრემლის დიდი გავლენით“, – წერია ლობისტების მიერ მომზადებულ მასალაში. აღნიშნული მასალა გამოქვეყნებულია 2023 წლის 28 თებერვალს „ნიუ იორკ სანში“ და ავტორად მითითებულია ისრაელის იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე და საბჭოთა კავშირის ყოფილი პოლიტპატიმარი, უფლებადამცველი ნათან შარანსკი. ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტაციას შეფასებები მოყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.