2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს.
კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეებზე – „ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ – განჩინებები გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა. საქმეები აერთიანებს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების ნაწილს. სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონი აქტიურად იბომბებოდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან და საქართველოს შეიარაღებული ძალები არ ახორციელებდა კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. შესაბამისად, შეუძლებელია საქართველოს შეერაცხოს რაიმე დარღვევა. ევროპულმა სასამართლომ ზემოაღნიშნული საჩივრები დაუშვებლად ცნო.