ვანო მერაბიშვილის ადვოკატები სტრასბურგში მიღებული დასკვნის გამოქვეყნებას ელოდებიან.
საუბარია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე, სადაც შეფასებულია, რამდენად ასრულებს საქართველოს ხელისუფლება შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ამ გადაწყვეტილებით ქართულ მხარეს გამოძიების გზით უნდა გაერკვია, დაირღვა თუ არა მერაბიშვილის უფლებები საკნიდან შესაძლო გაყვანით და იყო თუ არა მის მიმართ წინასწარი პატიმრობა არასწორად გამოყენებული.
დასკვნის შინაარზე ქართულ მედიასთან იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი საუბრობს. მისი ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს საზედამხედველო ორგანომ დოკუმენტში ჩაწერა, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის ექს-მინისტრის გათავისუფლების მოთხოვნა მიზანშეწონილი არ არის.