ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთს დაბრუნების და ზაფხულის სესიაში მონაწილეობის საშუალებას აძლევს.
დოკუმენტს მხარი დაუჭირა ასამბლეის 118 წევრმა, 62 წინააღმდეგი იყო, ათმა კი თავი შეიკავა.
სხდომაზე საქართველოსა და უკრაინის დელეგაციების წევრებმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის უფლებამოსილების აღდგენის წინააღმდეგ მწვავე განცხადებები გააკეთეს.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნებას საქართველომ მხარი არ დაუჭირა. დოკუმენტთან დაკავშირებული დებატები სტრასბურგში ცხრა საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა.
შეგახსენებთ, რუსეთის დელეგაციას 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის გამო, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ხმის უფლება ჩამოართვეს, რის შემდეგაც რუსეთმა ევროსაბჭოში საწევროს გადახდა შეწყვიტა.