ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი და ევროპული შეხედულებები იქნება ერთ-ერთი მიმართულება, რომელსაც თბილისში ახლადგახსნილ საერთაშორისო დონის სკოლაში ისწავლიან.
საქართველო პირველი ქვეყანაა ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა დაარსდა. სასწავლებელი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ევროკავშირის ექვსი აღმოსავლელი პარტნიორი ქვეყნიდან მიიღებს და ინოვაციურ აკადემიურ პროგრამებს შესთავაზებს, სწავლის დასრულების შემდეგ კი ევროპეისტიკის განხრით საერთაშორისო ბაკალავრის დიპლომებს გასცემს. სწავლების მეთოდი ევროპულ სასკოლო სისტემაზე იქნება დამყარებული. საზეიმო გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერთან ერთად ევროკომისარი იოჰანეს ჰანი დაესწრო. სკოლის გახსნა ჰანიმ ევროკავშირის და აღმოსავლელი პარტნიორების ურთიერთობაში ახალი ეტაპის დაწყებად შეაფასა.