საქართველოს პირველი არხი მორიგი თავდასხმის სამიზნე ხდება.
„ევროპული საქართველოდან“ საზოგადოებრივ მაუწყებელს ამჯერად გიორგი კანდელაკის ბოიკოტირებაში და მის მიმართ ხისტ მიდგომებში სდებენ ბრალს.
გიორგი კანდელაკი, რომელიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პირველი არხის დახურვასაც არ გამორიცხავს, ტელევიზიას თავად უცხადებს ბოიკოტს. პარასკევს ჩვენს გადამღებ ჯგუფს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა კომენტარზე უარი უთხრა. გაუგებარ ბრალდებაზე პასუხის გაცემამ და განმარტებების მოთხოვნამ გიგა ბოკერია დღეს იმდენად გააღიზიანა, რომ „მოამბის“ ჟურნალისტს კითხვების დასმა აუკრძალა, კანდელაკმა კი ეუთო-ოდირის დასკვნის წაკითხვა დაიწყო. ფაქტია, რომ ის ძველ ანგარიშს კითხულობდა, რადგან ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნაში მსგავსი ჩანაწერები არ გვხვდება. ფაქტია ისიც, რომ საქართველოს პირველ არხზე დაბლოკილი რესპონდენტები არ არსებობენ, სატელევიზიო ეთერი ღიაა ყველა პოლიტიკური ძალისთვის და ამის მაგალითი ჩვენი ყოველდღიური გადაცემებია, სადაც მაყურებელი სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერის პოზიციებს ისმენს.