არჩევნების მოახლოებასთან ერთად ყოფილ თანაგუნდელებს შორის დაპირისპირება მწვავდება.
ამჯერად ყოფილ პრეზიდენტს თბილისის ყოფილი მერი აკრიტიკებს. გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილს ოპოზიციური ერთობის ჩაშლაში და ერთპიროვნული ძალაუფლებისთვის ბრძოლაში ადანაშაულებს და ადარებს სერსეი ლანისტერს ცნობილი სერიალიდან „სამეფო კარის თამაშები“. მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებთან დაკავშირებული ოპოზიციური გეგმის ჩავარდნის მიზეზებზე საუბრის დროს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი ნეგატიურ კონტექსტში ახსენებს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილსაც.
კოალიციური მთავრობა სააკაშვილის გარეშე – ასეთია უგულავას მთავარი გზავნილი. მის მიერ რეაქციონერებისა და რეტროგრადების პარტიად გამოცხადებული „ნაციონალური მოძრაობა“ კრიტიკას არ იღებს.