ევროპული საბჭო ადასტურებს გაერთიანების მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე. ამავდროულად, ისევ გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ არჩეული კურსის გამო, რომელიც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული, – ამის შესახებ ნათქვამია ევროპული საბჭოს სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნაში. დოკუმენტის თანახმად, „ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ასეთი კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს. ის მოუწოდებს საქართველოს, მიიღოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები ევროპული ინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად“.
„ევროპული საბჭო ელოდება, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიებისთვის შეუფერხებელი წვდომით. ევროპული საბჭო ხაზს უსვამს თავისუფალი, დამოუკიდებელი და პლურალისტური მედიის დაცვის საჭიროებას. ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. იგი ხაზს უსვამს ევროკავშირის მუდმივ ვალდებულებას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და არაღიარების და ჩართულობის პოლიტიკის მიმართ“, – აღნიშნულია ევროპული საბჭოს სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნაში.