ევროპარლამენტის არჩევნებს განსაკუთრებული ინტერესით ადევნებდნენ თვალს საქართველოდანაც – შეფასებები არაერთგვაროვანია. როგორც მოსალოდნელი იყო, პოლიტიკური სპექტრი ორად გაიყო. ხელისუფლებაც და ოპოზიციაც კენჭისყრის შედეგებში მისთვის სასურველ და სასარგებლო ტენდენციებს ხედავს.
მმართველი გუნდი ფსევდოლიბერალური ძალების შესუსტებაზე მიუთითებს და საარჩევნო პროცესის მთავარ ტენდენციად კონსერვატორული იდეებისა და მიდგომების დაწინაურებას მიიჩნევს. ოპოზიციონერი აქტორები კი ძალთა ახალი გადანაწილების შემდეგ ევროპის საკანონმდებლო ორგანოდან „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლის გაზრდას ელოდება და აქცენტს ევროპის „სახალხო პარტიის“ მიერ უმრავლესობისა და ძირითადი პოლიტიკური ძალების მხრიდან გავლენების შენარჩუნებაზე აკეთებს.
რა გავლენას მოახდენს ჩვენს ქვეყანაზე ევროკავშირის მოქალაქეების ახალი არჩევანი და ევროპარლამენტის ახალი შემადგენლობა – ბოლო პერიოდში საქართველოს შესახებ მომზადებული მწვავე შინაარსის რეზოლუციების თუ განცხადებების ფონზე, ეს კითხვა კიდევ უფრო მეტ აქტუალობას იძენს.