ევროკომისია სკანდალში ეხვევა.
„კოვიდ 19“-ის ვაქცინებთან დაკავშირებული კონტრაქტების გამო ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს მიმართ კითხვები გაჩნდა. საქმე ეხება ევროპის მართლმსაჯულების ზოგადი სასამართლოს დადგენილებას. ამ დადგენილების მიხედვით, ევროკომისიამ პანდემიის დროს ვაქცინების შესაძენად სხვადასხვა ფარმაცევტულ კომპანიასთან გაფორმებულ კონტრაქტებზე და ხელშეკრულების პირობებზე ევროპარლამენტარებს და საზოგადოებას საკმარისი წვდომა არ მისცა. საუბარია ორი მილიარდი ევროს ღირებულების კონტრაქტებზე, რომლებიც „ასტრაზენეკასთან“, „სანოფისთან“, „გლაქსო-სმიტ-კლაინთან“, „ჯონსონ ენდ ჯონსონთან“, „ბიოენტეკთან“, „ფაიზერთან“, „მოდერნასთან“ და სხვა კომპანიებთან გაფორმდა. ევროკომისია სასამართლოს დადგენილების გასაჩივრებას არ გამორიცხავს. სკანდალური საქმის გახმაურება დროში დაემთხვა ევროპარლამენტში დაგეგმილ კენჭისყრას. ხვალ გაირკვევა, განაგრძობს თუ არა ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის ხელმძღვანელობას. თუ საკმარისი ხმები ვერ მოგროვდება, ევროკომისია პოლიტიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდება.