საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შვედეთში იმყოფება. სტოკჰოლმში ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების ევროპის საკითხთა კომიტეტების შეხვედრა იმართება. ქართულ მხარეს შესაძლებლობა ექნება, სტრატეგიულ პარტნიორებს ესაუბროს ისეთ საკითხებზე, როგორიც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროგრესი და საქართველოს ევროპაში ინტეგრაციაა. სხვადასხვა ფორმატის ფარგლებში, საქართველო მონაწილეობას მიიღებს დებატებშიც, სხდომის ბოლოს კი შემუშავდება ერთობლივი დოკუმენტი, რომელშიც კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, საქართველოს მხარდამჭერი გზავნილები იქნება ასახული.