ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის საქმეზე მოსკოვს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გადაიხადოს სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაცია 10 მილიონი ევრო.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2019 წლის 23-25 სექტემბერს საქართველოს მოთხოვნით ე.წ. დეპორტირებულების საქმის აღსრულების პროცესი შეაფასა. კომიტეტმა გაიზიარა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები. გადაწყვეტილებაში ასევე აღინიშნა, რომ რუსეთის მიერ თანხის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო, მას დაეკისრება შესაბამისი პროცენტები.
მინისტრთა კომიტეტმა აგრეთვე მიუთითა რუსეთის ფედერაციას, რომ კომპენსაციის გადახდა არის ევროპული კონვენციის 46-ე მუხლიდან გამომდინარე „უპირობო ვალდებულება“. კომიტეტმა აღნიშნა, რომ ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების მიხედვით, აღნიშნული თანხა უნდა განაწილდეს 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლ სულ მცირე 1500 პირზე.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგობის მიუხედავად, კომიტეტმა დააკმაყოფილა საქართველოს მოთხოვნა და „დეპორტირებულების საქმეზე“ ხელახალი დებატები უახლოეს სხდომაზე – 2019 წლის დეკემბერში ჩანიშნა.