ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო’ფლაჰერტიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის გაგზავნილი წერილი გამოაქვეყნა, სადაც პარლამენტის წევრებს სთხოვს, თავი შეიკავონ 2024 წლის 4 სექტემბერს მეორე მოსმენით მიღებული „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტის დამტკიცებისგან. ო’ფლაჰერტი მოუწოდებს პარლამენტის წევრებს, ითანამშრომლონ ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა დაიცვან ლგბტ ადამიანების უფლებები, ებრძოლონ მათ დისკრიმინაციასა და თავი შეიკავონ რიტორიკის გამოყენებისგან, რომელიც მათ სტიგმატიზებას იწვევს.
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ასევე აცხადებს, რომ კანონპროექტი ქმნის ლგბტ ადამიანების დისკრიმინაციის სამართლებრივ საფუძველს და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას. კომისარი ასევე შეშფოთებას გამოთქვამს ქართულ საზოგადოებაში ლგბტ ადამიანების მიმართ ცუდი განწყობების გამო, მათ შორის ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან.
წერილში ასევე აღნიშნულია, რომ კანონპროექტის შინაარსი 2024 წლის 3 აპრილს პარლამენტში რეგისტრირებული „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო კანონპროექტის მსგავსია, რაზეც ვენეციის კომისიამ განაცხადა, რომ კანონპროექტის მიღება საქართველოში ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ მტრული და სტიგმატიზებული ატმოსფეროს კიდევ უფრო გაძლიერების საფრთხეს ქმნის.