ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი დასრულდა. დიდ ბრიტანეთში გამართულ სამიტში 50-მდე ქვეყნის ლიდერი მონაწილეობდა, მათ შორის, ირაკლი კობახიძე დელეგაციასთან ერთად. როგორც პრემიერმა ჟურნალისტებთან განაცხადა, საუბარი სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხს შეეხებოდა. მან საქართველოსთან დაკავშირებულ იმ ჩანაწერზე ილაპარაკა, რომელიც სამიტზე მომზადებულ დოკუმენტში აისახა. აღინიშნა საქართველოს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენერგეტიკული დაკავშირებადობის კუთხით და, ზოგადად, სატრანზიტო ფუნქციის თვალსაზრისით. ასევე, როგორც მთავრობის მეთაურმა თქვა, ქართულმა მხარემ კოლეგებს გაუზიარა ინფორმაცია მიმდინარე თუ დაგეგმილ პროექტთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას ემსახურება.