ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში სამუშაო საუზმეს დაესწრო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. შეხვედრა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პიტერ სიიარტოს ინიციატივით გაიმართა. საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს. ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხის არჩევანია და კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნის ერთგულება ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისადმი. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ამ კუთხით უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, ისაუბრა 26 ოქტომბერს საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე და ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გაკეთებულ დადებით შეფასებებზე. სამუშაო საუზმეს ასევე თურქეთის, სომხეთის, სან მარინოს, ჩრდილოეთ მაკედონიისა და მონაკოს საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრნენ. ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა ხელი მოაწერა „უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ცოდნის გაზიარების შესახებ სამოქმედო გეგმას”. დოკუმენტის თანახმად, უნგრეთის დიპლომატიური აკადემია ქართველ საჯარო მოხელეებს შესთავაზებს სემინარს, სადაც საქართველოს წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით უნგრეთის გამოცდილებაზე.