საქართველოს პრემიერს ევროპელ ლიდერებთან შეხვედრების საშუალება ექნება.
მსოფლიოს ყურადღება დიდი ბრიტანეთისკენ ინაცვლებს, სადაც ხვალ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი იწყება. ქალაქ ვუდსტოკში ჩავლენ 50-მდე ქვეყნის პირველი პირები და ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელები. დღის წესრიგის მთავარი თემა უკრაინის ომია, ჩანიშნულია თემატური დისკუსიებიც. ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის მოლოდინის და ბოლო პერიოდში ბრიუსელში მიღებული მძიმე გადაწყვეტილებების ფონზე, საქართველოსთვის ხვალინდელი სამიტი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. მითუმეტეს იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი დროებით შეჩერებულად გამოაცხადა. ერთ-ერთ პანელზე დაგეგმილია ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა. ეს იქნება ევროპის პოლიტიკური გაერთიანების უკვე მეოთხე სამიტი – 2022 წლიდან ამოქმედებულ ფორმატში ევროკავშირის 27 წევრის გარდა კიდევ 20-მდე ქვეყანა მონაწილეობს, მათ შორისაა საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი, აზერბაიჯანი.
„მოამბე“ უკვე გაერთიანებულ სამეფოშია, ნოდარ ჩაჩუა გააშუქებს სამიტს.