ევროპის მაუწყებელთა კავშირმა უეფა-ს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესახებ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წარმატების გაშუქებაში გადამწყვეტი როლი საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ითამაშა.
სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატზე ასპარეზობის შესაძლებლობა ისტორიაში პირველად მოიპოვა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი მზად არის, 14 ივნისიდან ევროპის ჩემპიონატის ყველა ამაღელვებელი მომენტი მაყურებელს აჩვენოს. სტატიაში ასევე წერია, რომ 26 მარტს, გადამწყვეტი შესარჩევი მატჩის დროს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერს ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ადევნებდა თვალს, წუთში, საშუალოდ, 1 061 767 მაყურებელი, რაც ბაზრის წილის 60 პროცენტს შეადგენს. თუმცა, სტატიის მიხედვით, გუნდის აღიარება სცილდება მის სამაუწყებლო წარმატებას.
საქართველოს მთავრობამ ცოტა ხნის წინ ეროვნული ნაკრები, მწვრთნელები და ხელმძღვანელობა ღირსების ორდენით დააჯილდოვა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კი, ამ ისტორიული ეტაპის აღსანიშნავად, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკოლექციო მონეტა გამოუშვა.
გარდა ამისა, ფონდმა „ქართუმ“ მნიშვნელოვანი ჯილდოს დაპირება გასცა, თუ გუნდი ჯგუფური ეტაპიდან გავა. „უეფა-ს ევროპის ჩემპიონატზე პირველად მოხვედრას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, რადგან ის აერთიანებს ქვეყანას ერთიანი მიზნის მხარდასაჭერად და აძლიერებს ეროვნულ იდენტობას“ – ნათქვამია სტატიაში, სადაც გამოყენებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორისა და ნაკრების წევრების შეფასებებიც.