ევროპის დღე აღინიშნება

დღეს, 9 მაისს ევროკავშირი ევროპის დღეს აღნიშნავს. საზეიმო თარიღს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები თბილისშიც ზეიმობენ. დღევანდელ თარიღთან დაკავშირებით, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ვიდეომიმართვა გაავრცელა და საქართველოს მოსახლეობას ევროპის დღე ქართულ ენაზე მიულოცა. პაველ ჰერჩინსკი საკუთარ სიტყვაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის შემდეგი ეტაპი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა, რაც კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან. დღეს, რუსთაველის ეროვნულ თეატრში, ევროპის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართება, სადაც მაყურებლის წინაშე საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით წარდგება. ღონისძიებას კი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში გახსნიან. მიღებას მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, სახელოვნებო სფეროსა და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან. ევროკავშირის დროშის ფერებში განათდება მშვიდობის ხიდი და სატელევიზიო ანძაც, ასევე, ბათუმის საფეხბურთო სტადიონი.