ევროპის ჩემპიონატი ქვიშის ფრენბურთში

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველომ 18-წლამდელთა ქვიშის ფრენბურთის ევროპის ჩემპიონატს პირველად უმასპინძლა. კონტინენტის პირველობაში, რომელიც „ამბასადორი კაჭრეთში” გაიმართა, 34 ქვეყანა მონაწილეობდა. საქართველოს ღირსებას გოგონებისა და ვაჟების სამ-სამი წყვილი იცავდა. ლუკა ჯანელიძისა და ირაკლი სუბელიანის წყვილმა, რომელიც კონტინენტის ჩემპიონატში პირველად მონაწილეობდა, პირველი თამაშის მოგება შეძლო. გოგონებს შორის ევროპის ჩემპიონები ავსტრიის წარმომადგენლები გახდნენ, რომლებმაც ფინალურ მატჩში შვეიცარიელები დაამარცხეს. ვაჟებს შორის კი ფინალურ შეხვედრაში იტალიელებმა გერმანელებს სძლიეს. ფინალურ შეხვედრებს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი არაბული და საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, გიორგი ქართველიშვილი ესწრებოდნენ. გიორგი არაბულმა ევროპის ჩემპიონ ვაჟთა წყვილი დააჯილდოვა. 2024 წელს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველომ თოვლის ფრენბურთის ევროპის ჩემპიონატსაც უმასპინძლა, რომელიც ბაკურიანში ჩატარდა.